პარონიმები ეწოდება ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად (ხან საერთო წარმომავლობის ან მსგავსი წარმოების გამო, ხან შემთხვევით, ზოგჯერ სემანტიკური ელფერითაც) ჰგვანან ერთმანეთს, რაც მიზეზი ხდება მათი აღრევისა (ისინი გაუმართლებლად მონაცვლეობენ როგორც ზეპირ, ისე წერით მეტყველებაში). გთავაზობთ პარონიმებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, საყურადღებო უნდა იყოს საგამომცემლო სახლის ავტორებისათვის. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 2011 წელს გამოცემული ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონით. მთავარი რედაქტორი - თ. ვაშაკიძე.



 
კონიექტურა – კონიუნქტურა

 კონიექტურა: ტექსტის დამახინჯებული ადგილის აღდგენა შინაარსის მიხედვით; კონიუნქ­ტურა: 1. შექმნილი ვითარება, მდგომარეობა; 2. სასაქონლო მეურნეობის დამახასიათებელ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა.


 
კონკორდანსი – კონკორდატი

 კონკორდანსი: ანბანურ რიგზე დალაგებული სია ამა თუ იმ წიგნში ხმარებული ყველა სიტყვისა (და სიტყვათა ყველა ფორმისა) მათი ხმარების ადგილის ჩვენებით; სიმფონია; კონკორდატი: რომის პაპსა და ამა თუ იმ სახელმწიფოს მთავრობას შორის დადებული შეთანხ­მება, რომელიც განსაზღვრავს მათს ურთიერთობას.


 
კონსონანსი – კონსონანტი

 კონსონანსი: რამდენიმე ბგერის ჰარმონიული შეხამება, კეთილხმოვნება (საპირისპ. დისონანსი); შდრ.: კონსონანტი: თანხმოვანი ბგერა.


 
კონსტრუქტორული – კონსტრუქციული

კონსტრუქტორული: კონსტრუქტორისთვის დამახასიათებელი (კონსტრუქტორი – ახალი კონსტრუქ­ციების შემქმნელი. მაგ., თვითმფრინავების): კონსტრუქტორული ნიჭი / ალღო; კონსტრუქ­ციული: კონსტრუქციიდან გამომდინარე, კონსტრუქციის ხასიათისა (კონსტრუქცია: 1. აგებულება. აღნაგობა, მაგ., მანქანის, მექანიზმის; 2. ნაგებობა, მანქანა, მათი ნაწილები).


 
კონტრაბანდული – კონტრაბანდისტული

კონტრაბანდული: კონტრაბანდად შემოტანილი ან გატანილი (კონტრაბანდა – საქონლის ფარულად გატანა-შემოტანა სახელმწიფო საზღვარზე); კონტრაბანდისტული: კონტრაბანდის­ტისთვის დამახასია­თებელი (კონტრაბანდისტი – ფარულად, არაკანონიერად მოვაჭრე).


 
კოოპერაცია – კოოპერირება

კოოპერაცია: 1. შრომის ორგანიზაციის თავისებური ფორმა – როცა ბევრი ადამიანი მონაწილეობს ერთსა და იმავე (ან სხვადასხვა, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ) შრომის პროცესში; 2. მასობრივი სავაჭრო და მისთ. გაერთიანება, რომელიც იქმნება მისი წევრების სახსრებით; შდრ.: კოოპერატივი: კოოპერაციული მაღაზია; კოოპერირება: კოოპერაციის საწყისებზე გაერთიანება.


 
კოჭა – კოჭი

კოჭა: სპეც. ტროპიკული ეთერზეთოვანი მცენარე; ამ მცენარის ფესვი (ხმარობენ სანელებ­ლად); კოჭი: 1. სპეც. ჩონჩხის ერთი ძვალი; 2. ბავშვების სათამაშო; 3. გათლილი ძელი სახლის მშენებლობისთვის.


 
კრიმინალური – კრიმინალისტური – კრიმინალისტიკური

კრიმინალური სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებული (კრიმინალური ვითარება); კრიმინალისტური: კრიმინალისტისათვის (კრიმინალისტიკის სპეციალისტისათვის) დამახასიათებელი (კრიმინალისტური საქმიანობა); კრიმინალისტიკური: კრიმინალისტი­კისათვის დამახასიათებელი (კრიმინალისტიკა – სამართ. მოძღვრება სისხლის სამართლის შესახებ): კრიმინალისტიკური ლიტერატურა.


 
ლამპა – ლამფა

ლამპა: 1. გასანათებელი მოწყობილობა (ლამპის შუშა; ლამპა აანთეს); 2. სხვადასხვა სახის გასახურებელი და გასანათებელი ხელსაწყო (სარჩილავი ლამპა); ლამფა: ჭერის თხელი ფიცარი (კოჭებზე ქვევიდან მიჭედებული); ასეთი ფიცრის ჭერი.


 
ლანცეტი – პინცეტი

ლანცეტი: ექიმის (ქირურგის) ორპირიანი დანა; შდრ.: პინცეტი: ბოლოებწაწვრილებული ლითონის პატარა მაშა; იხმარება მედიცინაში ოპერაციების, შეხვევის... დროს, აგრეთვე ტექნიკასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში.


 
ლევკემია, ლეიკემია – ლევკომა, ლეიკომა

 ლევკემია, ლეიკემია: მედიც. ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა; თეთრსისხლიანობა; ლეკომა, ლეკომა: მედიც. თვალის რქოვანას შემღვრევა (თეთრად); ლიბრი.


 
ლინგვისტური – ლინგვისტიკური

ლინგვისტური (ალღო); ლინგვისტიკური (მეთოდი).


 
ლირიზმი – ლირიკა

ლირიზმი: ლირიკური განწყობილება, ხასიათი; ლირიკა: ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა (გამოხატავს ადამიანის გრძნობებს, განცდებს; ასეთი სახის ნაწარმოებთა ერთობლიობა, მაგ., ნ. ბარათაშვილის ლირიკა).


 
ლიტერატურული – სალიტერატურო

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – მხატვრული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი (ლიტერატურული / სალიტერატურო ენა, ფორმა...); შდრ.: ლიტერა­ტურული მემკვიდრეობა / ფაქტი / ტრადიციები / მოღვაწეობა, მაგრამ სალიტერატურო ენა: ლიტერატურაში. მწერ­ლობაში გამოყენებული ენა, რომელიც გარკვეული ნორმებით არის განსაზღვრული (სალიტერატურო ენის ისტორია, სალიტერატურო ენის კურსი; სალიტერა­ტურო ენის ნორმები).


 
ლიტრი – ლიტრა

ლიტრი: სითხის საზომი ერთეული; ლიტრა: თიხის პატარა ვიწროყელიანი ჭურჭელი (ზოგ დიალექტში გამოიყენება ლიტრის სინონიმად).


 
ლიტურგია – ლიტურგიკა

ლიტურგია: მთავარი ქრისტიანული მღვდელმსახურება; ლიტურგიკა: მომღვრება მღვდელ­მსა­ხურების შესახებ.


 
ლიტურგიული – ლიტურგიკული

ლიტურგიული: ლიტურგიასთან დაკავშირებული (ლიტურგიული მსახურება); ლიტურ­გიკული: ლიტურგიკასთან დაკავშირებული (ლიტურგიკული ძეგლები).


 
ლოგისტიკა – ლოჯისტიკა

ლოგისტიკა: 1. გამოანგარიშების, მსჯელობის ხელოვნება; 2. სპეც. მათემატიკური ლოგიკის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი; ლოჯისიკა: მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა.


 
ლორწოვანი – ლორწოიანი

ლორწოვანი: ლორწოს შემცველი (ლორწოვანი ქსოვილის გარსი); ლორწოიანი: ლორწოთი დაფარული (ლორწოიანი კანი / ლოკოკინა).


 
მაგისტრი – მაგისტრანტი – მაგისტრატი

მაგისტრი: 1. სამეცნიერო ხარისხი ან ამ ხარისხის მქონე პირი; 2. ისტ. შუა საუკუნეებში ბერმონაზვნური ან რაინდული ორდენის მეთაურის ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი; მაგისტრანტი: პირი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრატურაში სწავლობს; მაგისტრატი: დასავლეთ ევროპაში – ქალაქის მმართველობა; ძველ რომში – სახელმწიფო თანამდებობა; ამ თანამდებობაზე მყოფი პირი.