უაკ: 620.9:338.97
წიგნში აღწერილია მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში შექმნილი მძიმე ენერგეტიკული კრიზისი, მოცემულია მისი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და დაძლევის გზების ძიება.
უაკ: 004.5
მონოგრაფიაში განხილულია მართვის საინფორმაციო სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის ობიექტორიენტირებული ანალიზის, დაპროექტების, დეველოპინგის, ტესტირების, დანერგვისა და რეინჟინერინგის საკითხები, UML/Agile/ITIL მეთოდოლოგიების, ბიზნესპროცესების IT-სერვისების უსაფრთხოების BSI/COBIT სტანდარტების, მონაცემთა რელაციური და NoSQL/NewSQL ტიპის ბაზების მართვის სისტემების გამოყენების საფუძველზე. მოცემულია აგრეთვე დაპროექტების ავტომატიზაციის და სერვისორიენტირებული სისტემების იმიტაციური მოდელების აგებისა და ანალიზის საკითხები პეტრის ფერადი ქსელებით (CPN). ექსპერიმენტული ნაწილი შესრულებულია უნივერსიტეტის, საფინანსო ბანკის, მულტიმოდალური გადაზიდვების სისტემის, ელექტრონული არჩევნების, შავი ზღვის ეკოლოგიის მონიტორინგის სისტემის და საწარმოო ფირმის მარკეტინგის საპრობლემო სფეროებისათვის. პრაქტიკული ამოცანები რეალიზებულია დაპროგრამების ჰიბრიდული ტექნოლოგიების (WPF, WF, WCF) გამოყენებით MsVisual Studio.NET Frame-work 4.5 ინტეგრირებულ პლატფორმაზე.განკუთვნილია პროგრამული ინჟინერიისა და მართვის საინფორმაციო სისტემების სპეციალობათა ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის და მონაცემთა მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.
უაკ: 338.1
წიგნში განხილულია, ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობათა აქტივიზაციის ტენდენცია და სახელმწიფო საკუთრებაში კერძო კაპიტალის შეღწევის საკითხები, განხილულია სახელმწიფოს ფუნქციები და ქვეყნის შიგნით ეკონომიკის ცალკეული სფეროების განსახელმწიფოებრივებასთან დაკავშირებული ამოცანები. იგი შეიძლება გამოიყენოს უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური პროფილის ყველა საფეხურის სტუდენტმა. მას აგრეთვე მნიშვნელოვანი სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.
უაკ: 62-5
მონოგრაფიაში გაანალიზებულია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების (იტ) როგორც ნებისმიერი მიზანდასახული სისტემის აუცილებელი კომპონენტის საყოველთაო გავრცელების დადებითი მხარეები და მასთან დაკავშირებული რისკები. ცალკეა წარმოდგენილი ის ძირითადი პრობლემები, რომლებსაც აწყდებიან ორგანიზაციები რისკების მართვისას. ნაჩვენებია ასეთ პირობებში ორგანიზაციის პერსონალისაგან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობა და მათგან დაცვის პრობლემატიკა, წარმოდგენილია მიზანდასახული სისტემის (მზა) რისკმენეჯმენტის ზოგადი სისტემის აგების თანამედროვე მიდგომა.მიგვაჩნია, რომ მონოგრაფიაში შემოთავაზებულ ამოცანათა გადაჭრის ზემოთ აღნიშნული თანამედროვე მეცნიერული მიდგომები და მეთოდები მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ამ სფეროში მომუშავე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
უაკ: 629.1.065
მონოგრაფია ეძღვნება მრავალღერძიანი ავტომობილის შერესორების პნევმატიკური სისტემების შექმნას, გაანგარიშებას, თეორიულ და ექსპერიმენტულ გამოკვლევებს, მათი გავლენის შესწავლას სვლის სიმდოვრეზე. მიღებული მათემატიკური მოდელები აღწერს პნევმოსისტემაში მიმდინარე თერმოდინამიკურ პროცესებს მუშა სხეულის მასის ცვლილების და გარემოსთან თბოგადაცემის გავლენის გათვალისწინებით. შემოთავაზებული ანალიზური გამოსახულებების საფუძველზე დამუშავებულია შერესორების პნევმატიკური სისტემების ოპტიმალური პარამეტრების გაანგარიშების საინჟინრო მეთოდიკები.მონოგრაფია განკუთვნილია სატრანსპორტო სპეციალობის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, დარგის მეცნიერი მუშაკებისა და ინჟინერ-კონსტრუქტორებისათვის.
უაკ: 658.78:(075)
მონოგრაფია ეძღვნება სატრანსპორტო გადაზიდვებისა და სასაწყობო სისტემის ლოგისტიკის მენეჯმენტს. მონოგრაფიაში განხილულია მიწოდებათა ჯაჭვების მართვაში ტვირთის გადაზიდვისა და დასაწყობების, დაპროექტებისა და ორგანიზაციის თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მონოგრაფია განკუთვნილია უნივერსიტეტების ლოგისტიკის, მიწოდებათა ჯაჭვების, ბიზნესის მართვის, ვაჭრობის ორგანიზაციის, გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. გამოადგება ბიზნესმენებს და მეწარმეებს, რომლებიც აწარმოებენ დიდი რაოდენობით პროდუქციის დამზადებას, შენახვას და მათ რეალიზაციას სასაქონლო ბაზრებზე.
მონოგრაფიაში განხილულია ორგანიზაციული ქცევის არსი და თავისებურებები; მოტივაციის თანამედროვე და კლასიკური თეორიები, რომლის საფუძველზეც დამუშავებულია მოტივაციური ურთიერთქმედების მოდელი, რომელიც ორგანიზაციის და ინდივიდის მოტივაციური პრიორიტეტების თანხვედრას გულისხმობს; განხილულია ორგანიზაციული კულტურა, კულტურათაშორისი კონტექსტი, კულტურული კონტექსტი და მათი სხვადასხვაობა, ადამიანისეული კაპიტალის როლი ორგანიზაციული ქცევის ფორმირებაში, კომუნიკაციის პროცესი, სახეობები და მათი შედარებითი დახასიათება; დახასიათებულია „შედარებითი მენეჯმენტი“ და მისი მიდგომა „მოტივაციის პროცესის მართვაზე“; შემოთავაზებულია ორგანიზაციული ქცევის ეფექტურობის კოეფიციენტის ავტორისეული ფორმულირება და ორგანიზაციული ქცევის ეფექტურობის მაჩვენებლის შეფასების კრიტერიუმი; შემუშავებულია ორგანიზაციის სრულყოფისა და ეფექტური ფუნქციონირების კომპლექსური მოდელი; დასაბუთებულია პიროვნების სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობა, რომელიც საჭიროა ორგანიზაციაში ქცევის რეგულირებისა და სრულყოფისათვის; განხილულია ლიდერის პიროვნული თვისებების გამოვლენა „დიდი ხუთეულის მოდელსა“ და „მაიერს ბრიგსის ტიპთა ინდიკატორის“ საშუალებით, ლიდერის თვისებებისა და ქცევითი თეორიების შეჯამება, ასევე „მეხუთე დონის მენეჯერისა“ და „ახალის ტიპის ლიდერის“ დახასიათება, რომელიც საჭიროა მართვის თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბებისათვის. დანართის სახით ნაშრომს ერთვის, ორგანიზაციაში ორგანიზაციული ქცევის ეფექტურობის მაჩვენებლის გამოსათვლელად ორეტაპიანი გამოკითხისათვის ჩასატარებელი „კითხვარი“ და „ანკეტური გამოკითხვა“. კვლევის შედეგები, დასკვნები და რეკომენდაციები შეიძლება გამოიყენოს მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა, ასევე, ნებისმიერმა ორგანიზაციამ და საწარმომ ორგანიზაციული ქცევის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
უაკ: 621.313
მონოგრაფიაში განხილულია ელექტრული მანქანების კონსტრუირების ტექნოლოგიური საფუძვლების ძირითადი პრინციპები. დამუშავებულია ელექტრული მანქანების დაპროექტების მეცნიერული მეთოდები, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების, მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების კონსტრუქციების უნიფიკაციის ძირითად საკითხებს. მოცემულია ელექტრული მანქანის ადრეულ სტადიაზე შრომატევადობის გამოანგარიშების მეთოდოლოგია, გრაგნილიანი სტატორის დამზადების მექანიზაციისა და ავტომატიზაციისათვის კონსტრუქციულ-ტექნოლოგიური პარამეტრების ძირითად სიდიდეთა განსაზღვრა, მათი გავლენა ელექტრული მანქანის მახასიათებლებზე. ნაშრომში დამუშავებულია გამოშვების პროგრამის ოპტიმიზაცია უწყვეტ-ნაკადური წარმოების დანერგვის პრინციპების საფუძველზე და ახალი კონსტრუქციების ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხები.განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ენერგეტიკის სფეროში მომუშავე მეცნიერ მუშაკებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 656.052
მონოგრაფიაში აღწერილია სისტემური მსოფლმხედველობის თვალსაზრისით სულიერი გავლენის, რწმენის და ცოდნის ურთიერთმიმართება, მართვის, მეცნიერული კვლევის ფუნდამენტური პრობლემების ტიპოლოგია. სისტემური მსოფლმხედველობა შეუცვლელია ანტიკრიზისული პრობლემატიკის დამუშავებისათვის. ნაშრომში განხილულია ეკონომიკური ვარდნის შეჩერების და ლიდერის პოზიციის დაბრუნება-განვითარების ამერიკული მოდელის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი, ასევე იაპონიის საოცარი ეკონომიური ზრდის ძირითად მიზეზთა ზოგადკონცეპტუალური თავისებურებანი. აღწერილია თანამედროვე „სიტუაციური ცენტრების“ ფუნქციონირების სტრატეგიები, სადაც ღებულობენ საკვანძო, სისტემურ გადაწყვეტილებებს მრეწველობისათვის, ეკონომიკისა და პოლიტიკისათვის, სადაც ხდება მოდელირება ყველანაირი კრიზისული სიტუაციისა, სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სხვადასხვა სახის სწრაფი რეაგირების სამსახურებისათვის. მონოგრაფია განკუთვნილია უმაღლესი სკოლის ყველა დონის სტუდენტისათვის და ნაშრომში განხილული პრობლემატიკით დაინტერესებული მკითხველისათვის.