უაკ: 271.222(479.22)
ერი ცოცხალი ორგანიზმია.
საკუთარ სახელმწიფოში ყოველი ერი მთლიანდება და ნაციად ყალიბდება, მაგრამ უსახელმწიფოებრიობის დროს პირიქით – იშლება და ნაწევრდება, მით უმეტეს, თუ ქვეყანა საუკუნეთა განმავლობაშია მტრისაგან დაპყრობილი. ასეთივე ბუნებისაა, ცხადია, ქართველობაც.
ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან ერთგვარად ამოვარდნილია XV–XVIII სს და ისტორიის შემეცნება ხდება ისე, თითქოსდა აყვავებული პერიოდიდან (დავით აღმაშენებლიდან და თამარიდან) ჩვენ უცებ აღმოვჩნდით XIX ს-ში, მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ XVII–XVIII სს-ში განვითარებულმა პროცესებმა შვა ჩვენი დღევანდელი პრობლემები. XV ს-ის შემდეგ, საქართველო დაიშალა, შემდეგ მისი ყოველი ნაწილი მტერმა დაიპყრო, დაიწყო დენაციონალიზაცია ქართველი ხალხისა. ეს პროცესი საკმაოდ ღრმა იყო. ეროვნული თვითშემეცნება მხოლოდ იმ ქართველმა მართლმადიდებლებმა შეინარჩუნეს, რომელნიც საქართველოს ეკლესიის წევრები იყვნენ...
XX ს-ის 80-იანი წლების ხანმოკლე ეროვნულ კონსოლიდაციასთან მოჰყვა ხანგრძლივი ათწლეულები ეროვნული დეზინტეგრაციისა, კუთხურობის აღორძინებისა... იმ ადამიანებს, რომელთაც იქამდე თავიანთი თავი ქართველებად ჰქონდათ იდენტიფიცირებული გაუხსენეს წინაპართა ოდინდელი „უცხო წარმომავლობა“. განსაკუთრებით კი მათ უცხოელობას, ოსობას თუ სომხობას იხსენებდნენ მათი მეზობლები, მხედრიონელთა რაზმები, მომენტით მოსარგებლე ყაჩაღები, რომელთაც დიდი ასპარეზი გადაეშალათ XX ს-ის მიწურულს. ასეთ დროს, ამ ადამიანთა დაცვა და შეხსენება მათი მეზობლებისათვის, რომ ისინი ქართველები არიან, მოწმე ვართ იმისა, რომ დადებით შედეგებს იძლეოდა.
ვფიქრობ, წინამდებარე ნაშრომი ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის ინტეგრაცია-კონსოლიდაცია-გამთლიანების საქმეს. ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ზოგიერთი თანაკლასელი თუ თანაჯგუფელი, რომელთაც ოსს ან სომეხს უწოდებენ სინამდვილეში არიან იმ ქართველთა შთამომავლები, რომელნიც XVII–XIX სს-ში დენაციონალიზაციის პროცესის მსხვერპლნი იყვნენ. ეს ცოდნა მათ, ალბათ, მეტ ტოლერანტობას შესძენს.
ნაშრომი დაბეჭდილი იყო სხვადასხვა წლებში, ამჟამად ერთ წიგნად შეკრებილს, უცვლელი სახით ვაწოდებთ მკითხველს.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ისა და წმიდა სინოდის მიერ დასმულ საკითხებს ასახავს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ვრცელი ნაშრომი „ქალდეა“ (საეპისკოპოსოები ლაზიკაში).
საბჭოთა ეპოქაში გავრცელდა უსაფუძვლო თეორია, თითქოსდა ლაზები VII საუკუნის შემდეგ დასავლეთ საქართველოდან გადასახლდნენ ტრაპეზუნტის რეგიონში, სადაც ამჟამადაც ცხოვრობენ. სინამდვილეში, როგორც წყაროების ანალიზი აჩვენებს ლაზები ამ (ტრაპეზუნტის) რეგიონის მკვიდრი იგივე ქალდები არიან.
სტრაბონის ცნობით ქალდებს (ხალიბებს) ასევე უწოდებდნენ „ალაზონებს“, საიდანაც წარმოდგა პონტოსპირეთისა და მისი მოსახლეობის სახელი „ლაზონია“, „ლაზი“.
უწმიდესი პატრიარქი ილია II აღნიშნავს, რომ „ქალდი“ საერთო ქართულ სამყაროს, კოლხეთის ცენტრს, მის გულს ერქვა. ივ. ჯავახიშვილის კვლევით ქალდეა არა მხოლოდ ლაზების, არამედ ყველა ქართული ტომის სამშობლო იყო. ქართული ტომების ეს მიწა-წყალი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა და ეკლესიურად აქ, ქალდეა-ლაზიკაში, ჩამოყალიბდა ფასიდის ეპარქიის პეტრას, როდოპოლისის, ზიგანასა და საისინის საეპისკოპოსოები, ხოლო რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ის გაქრისტიანების შემდეგ, IV საუკუნიდანვე ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. ფასიდის ეპარქიის ძირითადი ნაწილი არა დასავლეთ საქართველოში, არამედ აღნიშნულ ქალდეა-ლაზიკაში (ტრაპეზუნტ-თეოდოსიოპოლის შემაერთებელ გზაზე) მდებარეობდა.
ქალდეას, დასავლეთ საქართველოსა და სხვა ქართული ქვეყნების კვლევას ეხება წი-ნამდებარე ნაშრომი, რომელიც დაიწერა ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სადიდებელად და ეხება საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საკითხს.
წიგნში მრავალ წყაროზე დაყრდნობით, მიმოხილულია, დასავლეთ საქართველოს, ლაზიკა-ქალდეასა და საქართველოს სხვა ისტორიული რეგიონების საეკლესიო, ეკონომიკური, პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ყოფითი და გეოგრაფიული ვითარება პირველ ათასწლეულში.
საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ამჟამად დამკვიდრებულია უმართებულო თვალსაზრისი, თითქოსდა ივერები (ივირები) ეწოდებოდათ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ სომხებსაც, ე.წ. სომეხ-ქალკედონიტებს. („პრავოსლავნაია ენციკლოპედია“, ტ. III, მოსკოვი, 2001, გვ. 326, 327, ვ. არუთინოვა-ფიდანიანი, გრიგოლ პაკურიანის ტიპიკონი, ერევანი, 1978, რუს. ენაზე, მისი დამოწმებანი ვიკიპედიის შესაბამის და სხვა საენციკლოპედიო სტატიებში, მაგ. „სომეხი-ქალკედონიტები“, ფონდ „ჰაიაზგის“ ენციკლოპედია და სხვა). იბერიის თემის, ტაოსა და ასევე, მისი მიმდებარე რეგიონების მოსახლეობა ცხადდება სომეხ-ქალკედონიტებად, ამ მხარეებიდან გამოსული წმიდა მამები და ქართველი დიდებულები კი ეთნიკურ სომხებად (მაგ. თორნიკე ერისთავი და საგვარეულო ჩორდვანელებისა, გრიგოლ ბაკურიანის ძე და სხვანი), შესაბამისად ამ მხარეთა ქართული კულტურა, ეკლესია-მონასტრები – სომხურად. სამხრეთ საქართველოსა და მის მიმდებარე რეგიონებში, ძირითადად ტაო-კლარჯეთში მცხოვრები ქართველების სომეხ-ქალკედონიტებად გამოცხადება გაამყარა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ორგანომ - „პრავოსლავნაია ენციკლოპედიამ“. საქართველოს სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ქართველები ანუივერები სომეხ-ქალკედონიტებად გამოაცხადეს ისტორიული კონტექსტებიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის მანიპულირების შედეგად. მტკიცებით, რომ თითქოსდა ისინი ქართველები იყვნენ არა ეთნიკურად, არამედ მხოლოდ საეკლესიო-კულტურული თვალსაზრისით და მას შემდეგ იწოდნენ „ქართველებად“, რაც ქალკედონური აღმსარებლობა მიიღეს. ჩხადია, ეს არის თეორია, რომელიც ამჟამად იწოდება „ქართიზაციის თეორიად“. ამ საკითხს იკვლევს წინამდებარე წიგნი. წიგნი „არიან-ქართლი“ მკითხველს სთავაზობს ვრცელ გამოკვლევას, მრავალი ქართული და უცხოური წყაროს დამოწმებით, რომელიც აჩვენებს, რომ სინამდვილეში ტაო-ბასიანი, და სერთოდ „იბერიის თემის“ ტერიტორია, ქართველთა ისტორიულ საცხოვრისს წარმოადგენდა, მას აზონ-ფარნავაზის ეპოქაში ერქვა არიან-ქართლი და ის ძველი ივერია იყო. სტრაბონის ცნობით აღნიშნული სამხრეთის ტერიტორიები (პარიადრედან გოგარენას ჩათვლით) იბერიამ დაკარგა ძვ.წ. II ს-ში არმენიის მეფეთა ექსპანსიისას. მიუხედავად მიტაცებისა, ამ მიწა-წყალზე მცხოვრები მკვიდრი ქართველები (იბერები) გაქრისტიანების შემდეგ მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას, ხოლო იმის შემდეგ, რაც 726 წლის მანასკერტის კრებაზე სომხურმა ეკლესიამ საბოლოოდ მიიღო მონოფიზიტური აღმსარებლობა, გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი სომხურ ეკლესიასთან და დაუბრუნდა დედა ქართული ეკლესიის წიაღს. წიგნში მოყვანილი მრავალი ისტორიული, გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული თუ ლინგვისტური მასალის დამოწმებით, დამტკიცებულია, რომ არაქსის ხეობისა და ტაო-ბასიანის მომცველი იბერიის თემის მიწა-წყალი ქრისტეშობამდე IV–III სს-ში იწოდებოდა „არიან-ქართლად“ და აქ ქართველობა (ივერები) ყოველთვის მკვიდრ მოსახლეობას შეადგენდა. შემდგომში მათ აქვე დააფუძნეს კიდეც მრავალი ქართული საეპისკოპოსო – ვალაშკერტისა, არზრუმისა, კარისა, ანისისა და სხვა, რომელთაგან ზოგიერთი XVI–XVII სს-შიც კი ფუნქციონირებდა. წიგნი განკუთვნილია სპეციალისტების, სტუდენტებისა და მკითხველი საზოგადოებისათვის.
XVII ს. განსაკუთრებითაა აღსანიშნავი ერისა და ქრისტესათვის თავდადებული წმი-დანების სიუხვით, საქართველოს მნათობი წმიდა ქეთევან დედოფალი, წმიდა მეფე არჩილ II, წმიდა მღვდელი თევდორე, დავით გარეჯას ბერები და სხვანი. თავიანთი მედგარი მაგალითებით ხალხისათვის სამაგალითონი იყვნენ მაჰმადიანური შემოტევებისას. ამ დროს მტერმა ქართლისა და კახეთის სამეფო ტახტებზე მუსულმანი მეფეები დასვეს, რაც მრავალი უბედურების წყაროდ იქცა. ასეთ დროს ჩამოყალიბდა საერთო-სახალხო იდეა – „გამოხსნა და აღდგომა“. „გამოხსნა“ გულისხმობდა მუსულმანთა ბატონობისაგან საქართველოს დახსნას, ხოლო „აღდგომა“ _ საქართველოს სახელმწიფოს რესტავრაციას თავის ძველ ისტორიულ საზღვრებში, რომელიც გააჩნდა მას ოქროს ხანაში. მართლაც 1744 (1745) წელს უფალმა წყალობით მოხედა საქართველოს და განხორციელდა „გამოხსნის“ გეგმა, ქართლის სამეფო ტახტზე ავიდა თეიმურაზ II, ვითარცა ქრისტიანი მეფე, ერეკლე კი კახეთისა, ამის შემდეგ ქართველთა ოცნება იყო საქართველოს „აღდგომა“ ანუ მისი სრული გაერთიანება, მისთვის სამცხე-საათაბაგოს, ჭარ-ბელაქანის, სამხრეთ საქართველოს მიწაწყლის დაბრუნება. მეფე ერეკლე II-ს ყოველივე ამის აღსრულებას ჰპირდებოდა რუსეთის საიმპერატორო ტახტი ეკატერინე II-ის დროს, რისთვისაც დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი. შემდეგ, 1801 წელს, აღორძინების ნაცვლად რუსეთის იმპერიამ საერთოდ მოსპო ათასწლოვანი ქართული სახელმწიფოებრიობა, მალევე კი _ ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წელს, ქართველი სამღვდელოებისა და ხალხის თავდადებული ღვაწლით გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ამ დროს კათალიკოსის ადგილმონაცვლე მიტროპოლიტმა ლეონიდემ მოუწოდა ქართველ ერს – „თავისუფალ ეკლესიას გვერდით ამოვუყენოთ თავისუფალი საქართველოს სახელმწიფო“, მართალც 1918 წელს ქართველმა ერმა გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოს აღდგენა. რომელიც, რუსულ-ბოლშევიკური ანექსიის შემდეგ, საფუძველი გახდა ეროვნული დამოუკიდებლობის იდეისა. ამ პერიოდში, 1943 წელს, რუსულმა ეკლესიამ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო 1990 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააგვირგვინა ავტო-კეფალური მოძრაობა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარეს კონსტანტი-ნოპოლისა და სხვა საპატრიარქოებმა იმჟამინდელი „საქართველოს სსრ“ საზღვრებში. ამის შემდეგ საქართველოს ეკლესიის წინაშე წარმოდგა სხვა პრობლემა – იურისდიქციის დაცვის საკითხი. რადგანაც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში დამპყრობლები აქეზებენ ადგილობრივ საეკლესიო სეპარატისტებს, რათა ეს ქართული მხარეები ეკლესიურადაც მოწყვიტონ საქართველოს. ეს საკითხები გამოწვლილვითაა განხილული მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნში.
საქართველოს გაერთიანება ბაგრატ III-ის დროს ქართველთა საუკუნოვან მისწრაფებას წარმოადგენდა. იქამდე, VIII–X საუკუნეებში ქართული საზოგადოებრივი აზრი და წმიდა ეკლესია მისი მემატიანეების (ეპისკოპოს ლეონტი მროველის, არსენ ბერისა და სხვათა) სახით, მიიჩნევდა, რომ პირველი ერთიანი საქართველოს სახელმწიფო, რომელსაც „ქართლის სამეფოს“ უწოდებდნენ, ჩამოაყალიბა მეფე ფარნავაზმა ეგრისის ერისთავ ქუჯისთან ერთად და ის აერთიანებდა სრულიად საქართველოს შავი ზღვიდან (მდ. ეგრისწყლიდან) ვიდრე „კახეთის მთიულეთის“ ჩათვლით (დაღესტნის შუა მხარემდე). მიიჩნეოდა, რომ პირველი ერთიანი სახელმწიფო მრავალი საუკუნე არსებობდა ვიდრე ვახტანგ გორგასლის შთამომავალ წმიდა მეფე არჩილამდე (და მეფე-ერისმთავარ მირამდე), ანუ VIII ს. შუა წლებამდე და დაიშალა არაბთა შემოსევის გამო. მის ადგილზე VIII–X სს.-ში კუთხეებში ჩამოყალიბებული ადგილობრივი სახელმწიფოები – „აფხაზთა“, „ქართველთა“, „რანთა და კახთა“ სამეფოები ცდილობდნენ თავიანთი ჰეგემონობით აღედგინათ საქართველოს ერთიანობა, რაც მართლაც შესაძლებელი გახდა ბაგრატ III-ის დროს. წიგნში ასევე განხილულია ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა XII–XIII საუკუნეებში, საქართველოს ე.წ. `ოქროს ხანაში“ და მისი დაკნინება-დაშლა 1490 წლის სახელმწიფო დარბაზის აღიარებით. ერთიანი სახელმწიფოს დაშლამ და მის ადგილზე ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოების, სამცხე-საათაბაგოს, სამეგრელოსა და გურიის სამთავროების 300-წლოვანმა არსებობამ ხელი შეუწყო ერის ნაციონალური ერთიანობის თვითშეგნების გამოფიტვას, ჩამოაყალიბა იმერლობა, ქართლელობა კახელობა და სხვა თემურ-კუთხური თვითშემეცნება. ასეთ დროს ეკლესია კვლავ სულიერად აერთიანებდა საქართველოს, თავდადებით ახსენებდა ქართველობას მის ოდინდელ ნაციონალურ ვინაობას და ბეჯითად ზრუნავდა ხალხის სულიერი გადარჩენისათვის.
IV–V საუკუნეებში საქართველოს ეკლესიისა და ქართული ქრისტიანული კულტურის მძლავრი საფუძვლის ჩაყრის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია VIII–X საუკუნეები, როდესაც ეროვნული სულისკვეთება გამოიკვეთა და თანდათან ფრთები შეისხა ნაციონალურმა თვითშეგნებამ. ეს იყო ერთგვარი გამოპასუხება წინა საუკუნეებში არსებული ეროვნულ-ეკლესიური ჩაგვრისა. კერძოდ, VI და VII საუკუნეებში ჩვენში გაბატონებულმა სასანიდურმა სპარსეთმა და მის შემდეგ არაბულმა სახალიფომ დათრგუნა ეროვნულ-მართლმადიდებელი მიმართულება ქართული და ალბანური ეკლესიებისა, რადგანაც ეს დამპყრობლები განსაკუთრებულად მფარველობდნენ სომხურ-მონოფიზიტურ ეკლესიას ცდილობდნენ მის გაბატონებას ქართლის დაპყრობილ ნაწილსა (ტაოსა და ე.წ. „გუგარქში“) და ალბანეთში. მართლაც, VII ს. ბოლოსა და VIII ს. დასაწყისში არაბთა ხელშეწყობით სომხურმა ეკლესიამ გააუქმა ალბანეთის ეროვნული საკათალიკოსო, აკრძალა ალბანურენოვანი ღვთისმსახურება და მის ადგილას დააწესა სომხურენოვანი, ასევე მოიქცა გუგარქსა და ტაოშიც, აქაც სომხურმა ეკლესიამ გააუქმა ქართულენოვანი წირვა-ლოცვა და აქაურ ქართველობას დაუნერგა სომხურენოვანი ღვთისმსახურება. ამ უკანონობას წინ გმირულად აღუდგა ქართლის კათალიკოსი კირიონ I. მან ურთულეს ეპოქაში მოახერხა და გუგარქის ქართველობას კვლავ აღუდგინა ქარ-თულენოვნება. კირიონის ღვაწლის გავლენით ტაოს ქართველობამაც VIII ს. 80-იან წლებში აღიდგინა ქართულენოვანი ღვთისმსახურება და დაუბრუნდა დედაქართული ეკლესიის წიაღს. აქაური, ტაოს „ქართველთა სამეფო“ იმდენად გაძლერდა, რომ მეფე დავით კურაპალატის კარზე პირველ მღვდელმთავარს „აღმო-სავლეთის კათალიკოსისა“ და პატრიარქის ტიტულიც კი ჰქონდა („აღმოსავლეთს“ უწოდებდნენ იმ ტერიტორიას, რომელსაც მალევე, XI ს.-ში, „იბერიის თემი“ (θέμα 'Ιβηρίας) დაერქვა). მის გარდა საქართველოს ეკლესიის მძლავრ ფრთას ქმნიდა VIII საუკუნისათვის ჩამოყალიბებული ქართული საეკლესიო ერთეული – აფხაზეთის საკათალიკოსო. წიგნში გარკვეულია, რომ კონსტანტინოპოლის ლაზიკის (ფასიდის) ეპარქია მოიცავდა არა დასავლეთ საქართველოს, არამედ ყოფილ ქართულ რეგიონს, მდებარეს ტრაპეზუნტიდან ვიდრე ჭოროხამდე, რომელსაც ამჟამად ლაზისტანი ეწოდება.დიდება და მადლობა უფალს.
იბეჭდება პროფესორ ივანე გორგიძის საერთო რედაქციით
ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 100 და თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის 20 წლისთავს.
მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის მრავალტომეული „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“ წარმოადგენს ქართული ეკლესიის სრული ისტორიის ვრცლად და თანამიმდევრულად გადმოცემის პირველ ცდას. ამ ფუნდამნეტურ ნაშრომში საინტერესოდაა ნაჩვენები საქართველოს ეკლესიის ისტორია, მისი კავშირი როგორც სხვა ქვეყნების ქრისტიანულ ეკლესიებთან, ისე ქართულ საზოგადოებასთან. მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომი ხელს შეუწყობს ქართული ეკლესიის როლისა და მისი მნიშვნელობის გააზრებას საქართველოს ისტორიაში. მრავალტომეულში გადმოცემულია ჩვენი ერის სულიერი ცხოვრება უძველესი ხანიდან XXI საუკუნემდე.
ყველა ეს ტომი რამდენჯერმე დაიბეჭდა სხვადასხვა გამომცემლობის მიერ, ამჟამად კი პირველად იბეჭდება ერთად თავმოყრილი, ზოგადი სახელით, ვინაიდან ერთობლიობაში წარმოადგენს საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიას.
დიდება და მადლობა უფალს, ყოვლადწმიდა სამებას, რომლის სადიდებლადაც დაიწერა ეს ათტომეული.
უაკ: 21.26.27
ნაშრომში იუდაიზმისა და მართლმადიდებელი ქრისტიანიზმის საწყისებიდან განხილულია ბიზნესისადმი რელიგიის მიმართების საკითხთა წრე. ამ რელიგიათა კანონიკური წესების, მათი ცნობილი სასულიერო პირთა ქადაგებათა ფონზე წარმოდგენილია ბიზნესის რელიგიურ ფასეულობებთან „შეხების“ ნიშნულები. ეს ყოველივე კი იუდაიზმისა და მართლმადიდებელი ქრისტიანიზმის რელიგიის ღირებულებებების პარალელურ რეჟიმში განხილვით ხდება.
ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორთათვის, და ასევე იმ მკითხველთათვის, რომელთაც ბიზნესის რელიგიურ-ზნეობრივი პარადიგმა აინტერესებს.
უაკ: 662.76
ნაშრომი ეძღვნება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის საკითხებს. შესწავლილია ამ ქვეყნებში ბუნებრივი აირის მოხმარებისა და მიწოდების თავისებურებები, მათი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების საკითხები, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები. დასაბუთებულია საქართველოს შესაძლებლობები რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების გაზრდის საქმეში. არსებული გეოლოგიური სტრუქტურები და დიდი მოცულობის საერთაშორისო დანიშნულების მიწისქვეშა გაზსაცავთა სისტემის მშენებლობის შესაძლებლობები დამოკიდებულია მისი გაზით შევსებისა და სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირების ახალ შესაძლებლობებზე.
ნაშრომი განკუთვნილია გაზის ინდუსტრიაში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, ასევე უმაღლესი განათლების სამთო და გეოინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებისათვის.