image-1
ა. სარუხანიშვილი, მ. მშვილდაძე, მ. კაპანაძე

პრაქტიკული გაანგარიშებები ქიმიური თერმოდინამიკის დებულებების გამოყენებით

უაკ: 541.24

განხილულია ქიმიურ თერმოდინამიკაში გამოყენებული განზომილებათა ერთეულები, მათი ერთიმეორეში გადაყვანის ხერხები, თერმოდინამიკის ძირითადი კანონების დებულებების პრაქტიკული გამოყენება არაორგანულ და ორგანულ ნივთიერებათა დახასიათება-შეფასებაში, მათ შორის ფიზიკურ-ქიმიურ ურთიერთქმედებათა და ამ პროცესთა შედეგად მიღებული პროდუქტების ენერგეტიკის თვალსაზრისით მიღება-პროგნოზირებაში.
განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, თუმცა კი იგი მოიცავს ქიმიური თერმოდინამიკის დებულებათა პრაქტიკული გამოყენების ისეთ საკითხებს, რომელთა განხილვით დაკავებულია სტუ-ს სხვა ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებიც.

 

 

 

image-1
რ. სამხარაძე, ნ. ჯოჯუა ლ. გაჩეჩილაძე

ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C#-ის ბაზაზე
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად II ნაწილი

უაკ: 681.3

მეთოდიკური მითითებების მეორე ნაწილი განკუთვნილია იმ ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად. მასში განხილულია  C# ენის ისეთი ძირითადი საკითხები, როგორიცაა  სახელების სივრცე, ინტერფეისების რეალიზების საშუალებები, თარიღთან სამუშაო ფუნქციები, ფაილებთან და გრაფიკულ გამოსახულებებთან მუშაობის საშუალებები და ა. შ. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოს ახლავს მოკლე თეორიული ცნობები და შესაბამისი საკითხის პრაქტიკული გადაწყვეტა.

 

 

image-1
დ. თავხელიძე, ე. გეგეშიძე, ზ. მჭედლიშვილი

ტექნიკური მექანიკის საფუძვლები

უაკ: 531.8

წარმოდგენილი დამხმარე სახელმძღვანელო „ტექნიკური მექანიკის საფუძვლები“, ჯერჯერობით  ერთადერთი  სასწავლო  კურსია,  რომელიც შედგენილია საზღვაო საქმის მომავალი სპეციალისტებისათვის, კერძოდ კი იმ მსმენელებისათვის, რომლებიც იძენენ საზღვაო-საინჟინრო განათლებას.
წინამდებარე სახელმძღვანელოში  ორგანულადაა შერწყმული - „მასალათა გამძლეობის“, „მექანიზმების თეორიის“ და „მანქანათა ნაწილების“ კურსები, სადაც განხილულია ისეთი პრინციპული საკითხები, როგორებიცაა - მექანიკური სისტემების სტრუქტურა, კინემატიკური და დინამიკური ანალიზი, კონსტრუქციული კვანძების გაანგარიშების მეთოდები, ჰიდრავლიკური ამძრავების გაანგარიშების საფუძვლები  და სხვ. თეორიულ ანალიზს თან ერთვის პრაქტიკული  ამოცანები, რომლებიც დაეხმარება მსმენელებს წარმოდგენილი თეორიული მასალის უკეთ ათვისებაში.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საზღვაო საინჟინრო სპეციალობების, კურსანტებისათვის და სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. თევზაძე, მ. მაისურაძე, თ. ჭანტურია

მეთოდური მითითებები არქიტექტურაში
პროფესიული უმაღლესი განათლების სწავლების პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის

უაკ: 72

ნაშრომი წარმოადგენს მეთოდური ხასიათის სახელმძღვანელოს არქიტექტურის სფეროში პროფესიული უმაღლესი განათლების მისაღებად, ითვალისწინებს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე დამუშავებული პროგრამის მოთხოვნებს და მიზნად ისახავს პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისთვის სპეციალისტის მომზადებას არქიტექტურის სფეროში კვალიფიკაციით – „დიპლომირებული სპეციალისტი არქიტექტურაში“.
ნაშრომში ჩამოყალიბებულია სწავლის პროცესთან და ძირითადად საკვალიფიკაციო ნაშრომთან დაკავშირებული მოთხოვნები.
წარმოდგენილი მეთოდური მითითებები  დახმარებას გაუწევს სწავლის პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, რათა დასაწყისიდანვე შეექმნათ წარმოდგენა სწავლების სპეციფიკაზე, სასწავლო დატვირთვის შინაარსსა და ხასიათზე, თითოეული დისციპლინის როლსა და მნიშვნელობაზე, საკვალიფიკაციო ნაშრომთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე.

 

 

image-1
ო. ტომარაძე, დ. ჩახვაშვილი

ეკონომეტრიკული მეთოდები და მოდელები

უაკ: 330.115

განხილულია თანამედროვე ეკონომეტრიკის სტრუქტურა და სპეციფიკა. მოცემულია ეკონომეტრიკის ძირითადი მიმართულებების კლასიფიკაცია და აღწერა. დეტალურადაა გადმოცემული ეკონომიკის ისეთი კატეგორიის აღწერა, როგორიცაა მოთხოვნის კანონი. აღწერილია როგორი თანმიმდევრობით აიგება მოთხოვნის ფუნქციის გრაფიკი. მოცემულია ეკონომეტრიკის ალგორითმებისა და მოდელების გამოყენების როლი სერტიფიკაციასა და ხარისხის მენეჯმენტში.
განხილულია ინფლაციის ანალიზი ეკონომეტრიკის მეთოდების და მოდელების გამოყენებით. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეკონომეტრიკის მეთოდების და ალგორითმების გამოყენების აღწერას გაზომვის თეორიაში.
განკუთვნილია მიკროპროცესორული და საზომი სისტემების ბაკალავრიატის სწავლების სტუდენტებისათვის. დაეხმარება ამავე სპეციალობის სწავლების მაგისტრებს, ასევე ეკონომისტებსა და გაზომვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

image-1
მ. ტურძელაძე, თ. ნარეკლიშვილი

ამოცანებისა და ტესტების კრებული საშენ მასალებში

უაკ: 691(082)

წინამდებარე ტესტებისა და ამოცანების კრებულის გამოცემის აუცილებლობა განპირობებულია უმაღლესი პროფესიული განათლების და ბაკალავრიატის სტუდენტების მიერ „საშენი მასალებისა და ნაკეთობების“ სასწავლო კურსის საფუძვლიანად  და სიღრმისეულად ათვისების საჭიროებით.
კრებულში, „საშენი მასალებისა და ნაკეთობების“ კურსის სილაბუსებში მოყვანილი სალექციო, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების განრიგის შესაბამისად, ჩამოყალიბებულია გამოთვლითი, შეფასებითი, თვისებრივი და ექსპერიმენტული ამოცანები და შეკითხვები. მათ საფუძველზე კი შედგენილია ტესტები. ტესტებში წარმოდგენილ ამოცანებზე და შეკითხვებზე პასუხის გასაცემად სტუდენტს ეძლევა შეზღუდული დრო. ყოველივე ეს განაპირობებს მის მობილურობას, უნვითარებს სწრაფ და ანალიტიკურ აზროვნებას და მიზანმიმართულს ხდის ახალგაზრდის შრომას.
ვფიქრობთ, ნაშრომში მოყვანილი ამოცანებისა და კითხვარების გაცნობა, გააზრება და ამოხსნა სტუდენტისთვის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე მიღებული ცოდნის განმტკიცების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

 

 

image-1
თ. ტურიაშვილი, ნ. ჩხეიძე, მ. სურამელაშვილი

ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების დაცემენტებისათვის სატამპონაჟო ნარევების მასალების შერჩევა

უაკ: 622.245

მოყვანილია სხვადასხვა გეოლოგიურ პირობებში ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების დაცემენტებისათვის საჭირო სატამპონაჟო მასალების შერჩევის ძირითადი მეთოდები.
მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სატამპონაჟო ხსნარის სიმკვრივის შერჩევას, რათა დაცემენტების პროცესში არ იქნეს დაშვებული ქანების ჰიდროგახლეჩა და გაზგამოვლინება.
განხილულია შემსუბუქებული და დამძიმებული ხსნარების სიმკვრივის რეგულირების საკითხები. მოცემულია სატამპონაჟო მასალების და ხსნარების შერჩევის სქემა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების“ სპეციალობის სტუდენტებისათვის (ბაკალავრიატის) აგრეთვე დახმარებას გაუწევს ამ დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს.

 

 

image-1
რ. თურმანიძე, ვ. შილაკაძე

დისკური ფრეზის გაანგარიშება და კონსტრუირება მითითებანი პრაქტიკული და საკურსო სამუშაოებისათვის

უაკ: 621.914

წინამდებარე წიგნი აგებულია საგანმანათლებო პროგრამა  „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სასწავლო კურს „მჭრელი იარაღების“  შესაბამისად.
სახელმძღვანელოში განხილულია დისკური ფრეზის, ბურღის ღარაკის დასამუშავებელი დისკური ფრეზის და სამმხრივი დისკური ფრეზის ანაწყობის გაანგარიშების ძირითადი საკითხები, მისი კონსტრუქციული და გეომეტრიული პარამეტრების ოპტიმიზაცია როგორც ჭრის პირობებიდან, ისე მჭრელი იარაღის და დასამუშავებელი მასალის თვისებებიდან გამომდინარე.
მოცემულია განხილული იარაღის მოკლე განმარტება, მუშაობის პრინციპი,  დახასიათება, გაანგარიშების საერთო მეთოდი, მისი თანმიმდევრობა და რიცხვითი გაანგარიშების მაგალითი.
წიგნი გამოადგებათ ლითონსაჭრელი იარაღის წარმოების სფეროში მომუშავე სპეციალისტებსაც.

 

 

image-1
რ. თურმანიძე. ვ. შილაკაძე

საჭრისის გაანგარიშება და კონსტრუირება მითითებანი პრაქტიკული და საკურსო სამუშაოებისათვის

უაკ: 621.912.025

წინამდებარე სახელმძღვანელო აგებულია საგანმანათლებო პროგრამა „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სასწავლო კურს „მჭრელი იარაღების“  შესაბამისად.
სახელმძღვანელოში განხილულია გასავლელი და ფასონური საჭრისების გაანგარიშების ძირითადი საკითხები, მისი კონსტრუქციული და გეომეტრიული პარამეტრების ოპტიმიზაცია როგორც ჭრის პირობებიდან, ისე მჭრელი იარაღის და დასამუშავებელი მასალის თვისებებიდან გამომდინარე.
მოცემულია განხილული იარაღის მოკლე განმარტება, მუშაობის პრინციპი, დახასიათება, გაანგარიშების საერთო მეთოდი, მისი თანმიმდევრობა და რიცხვითი გაანგარიშების მაგალითი.
წიგნი გამოადგებათ ლითონსაჭრელი იარაღის წარმოების სფეროში მომუშავე სპეციალისტებსაც.