უაკ: 681.5
პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერებისა (PLC) და მათი პროგრამული უზრუნველყოფის ფართო გამოყენებამ როგორც ტექნიკური სისტემების, ისე ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზებულ სისტემებში მოითხოვა კვალიფიციური კადრების მასობრივი მომზადების აუცილებლობა.
სახელმძღვანელოში განხილულია მსოფლიო ლიდერის, წარმოების პროცესების ავტომატიზაციასა და გაციფრულებაში, გერმანული ტექნოლოგიური კონგლომერანტის, Siemens AG-ს PLC S7-1200 PLC და მისი დაპროგრამების გარემო TIA Portal.
ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი TIA Portal Basic-ის ჩამოტვირთვა და ინსტალაცია, PLC-ს არქიტექტურის ელემენტები, CPU-ს მუშაობის რეჟიმები, ხდომილების პრიორიტეტები და რიგები, CPU-ს მეხსიერება, მისი არეები და დამისამართება, მონაცემთა ტიპები, კონფიგურირება, კოდური ბლოკები, ინსტრუქციები, პროგრამების შედგენა გაწყობა და ტესტირება.
დიდი ადგილი აქვს დათმობილი ადამიანი-მანქანური ინტერფეისებისა (HMI) და პანელების აღწერას, მათ როლს ავტომატიზებული სისტემების ორგანიზებაში, განმარტებულია მათი დამისამართების ხერხები, მონაცემების გაცვლა HMI-სა და PLC-ის შორის.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის, იგი წარმოადგენს პირველ მცდელობას ამ ტიპის სახელმძღვანელოს შექმნისა ქართულენოვანი სტუდენტებისათვის და დარწმუნებული ვართ, ღირსეულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ავტომატიზებული საწარმოებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში.
უაკ: 663.2/.3
განხილულია ცქრიალა ღვინის წარმოშობის ისტორია, კლასიფიკაცია და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული წარმოების მეთოდები. დეტალურადაა აღწერილი ცქრიალა ღვინის დამზადების ტექნოლოგიური ოპერაციები, სენსორული მახასიათებლები და მისთვის დამახასიათებელი დეფექტები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ენოლოგების, ცქრიალა ღვინის მწარმოებლების, სტუდენტებისა და ღვინის ენთუზიასტებისათვის.
უაკ: 53.08
სახელმძღვანელოში განხილულია სატელეკომუნიკაციო ანალოგურ და ციფრულ სისტემებში პირველადი და საარხო სიგნალების ფორმირების მექანიზმები და დასაბუთებულია აღნიშნული პროცედურების აუცილებლობა. წარმოდგენილია რეალური პირველადი სატელეკომუნიკაციო სიგნალების მახასიათებლები და პარამეტრები; სატელეკომუნიკაციო სისტემებში გამოყენებული ანალოგური, დისკრეტული, იმპულსური და ციფრული მოდულაციების სახეობები, მათი შესაბამისი დროითი და სპექტრული დიაგრამები. მოყვანილია ანალოგური სიგნალიდან ციფრული სიგნალის ფორმირების ეტაპები და რეალური სიგნალებისთვის ციფრული სიგნალების პარამეტრების ანგარიში; ასევე სატელეკომუნიკაციო ანალოგური, ციფრული და ფართოზოლოვანი არხების პარამეტრები და მახასიათებლები, რომლებიც შედარებულია შესაბამისი სიგნალების მახასიათებლებსა და პარამეტრებთან. სახელმძღვანელოს ყველა თავი შეიცავს საკონტროლო კითხვებს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება ამავე სფეროში მომუშავე პერსონალს და დარგში მომუშავე სპეციალისტებს.
უაკ: 577.1
სახელმძღვანელოში განხილული ბიომექანიკისა და ფოტოსინთეზის მოლეკულური საფუძვლები. ყურადღება გამახვილებულია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გლობალური დათბობა და მცენარეთა ენერგეტიკულ-ფოტოსინთეზურ შესაძლებლობათა და მათი ბიოლოგიური პოტენციალის გაზრდა. განახლებული სახით წარმოდგენილია ალბათობისა და სტატისტიკის ელემენტები, ბიოქიმიის განვითარების ქრონოლოგია; დამატებულია ორგანულ ნაერთთა კლასიფიკაციისა და ნომენკლატურის წარმოების ძირითადი წესები, დაავადებათა ლექსიკონი და მრავალი სხვადასხვა სახის საცნობარო მასალა. სახელმძღვანელო გამდიდრებულია ფერადი ილუსტრაციებით, დიაგრამებითა და ცხრილებით.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, დახმარებას გაუწევს პროფესორ-მასწავლებლებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და ბიოქიმიით დაინტერესებულ ყველა მსურველს.
უაკ: 930.26
არქეოლოგიის პროგრამაში მოცემულია, როგორც თეორიული, ისე ველზე პრაქტიკული მეცადინეობების, რომლის საფუძველზე სტუდენტი გაეცნობა არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზაციის საკითხებს, იმ მეთოდებს, რომლებიც მოპოვებული არქეოლოგიური მასალების ანალიზის პროცესში სასიცოცხლოდ აუცილებელია. მომავალი არქეოლოგის თეორიული მომზადება გულისხმობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ აღრიცხული ობიექტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლისა და დაცვის საკანონმდებლო აქტების ცოდნას. თეორიული სალექციო მეცადინეობის პროცესში სტუდენტები დაეუფლებიან სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ძეგლების გათხრების შესახებ არსებულ ინფორმაციას, ზოგადად საველე არქეოლოგიური კვლევის მეთოდებს, ველზე შრომისა და ყოფის თავისებურებებს, უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, სტუდენტები შეიძენენ ცოდნას, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ არქეოლოგიური გათხრების დროს. სწავლების კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სრული წარმოდგენა ექნებათ არქეოლოგიური მასალების დამუშავებასა და შესაბამის ინტერპრეტაციაზე, ასევე გამოიმუშავებენ ჩვევებს, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ველზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის პრეისტორიულ და ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებას. სწორედ ზემოაღნიშნული საკითხებია განხილული ჩვენ მიერ წარმოდგენილ სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოში, რომელიც ეფუძნება ქართველი და უცხოელი მკვლევრების მიერ შეძენილ ცოდნასა და მათ მიერ შემუშავებული საველე არქეოლოგიური გათხრების მეთოდიკას.
სახელმძღვანელო განკუთვნილია არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მათი პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებისათვის.
უაკ: 662.7
სახელმძღვანელოში განხილულია ტექნოლოგიური პროცესების აფეთქებაუსაფრთხოების ზოგადი ცნებები, განმარტებები, მოთხოვნები, აფეთქებაუსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციული, ტექნიკური ღონისძიებები და მათ შესრულებაზე კონტროლი. მოყვანილია აფეთქებამდგრადობის, აფეთქებადაცვის ცნებები, რომლებიც ტექნოლოგიურ პროცესში ჩართულ მოწყობილობა-დანადგარების, აპარატურის უსაფრთხო საექსპლუატაციო გარემოს უზრუნველყოფს. აღწერილია ტექნოლოგიური პროცესების დამუშავებისას აფეთქებაუსაფრთხო პირობების შექმნის მიმართულებები, როგორიცაა პროცესის ფლეგმატიზაცია, ინჰიბირება, ინერტული გარემო, ვაკუუმი, დანადგარების ღია მოედნებზე განთავსება, ჰერმეტულობის უზრუნველყოფა.
აღწერილია მოწყობილობების, დანადგარების, შენობების, წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის აფეთქებაუსაფრთხოება, გაზსადენები, ნავთობსადენები და მათი დაცვა კოროზიული პროცესებისაგან. წარმოდგენილია აფეთქებაუსაფრთხო სანათი და სასიგნალო მოწყობილობები, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების თვისებები და მათ ბაზაზე მიღებუ-ლი მასალები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დახმარებას გაუწევს წარმოებაში მომუშავე ინჟინრებს, შრომის დაცვისა და პროფესიული უსაფრთხოებით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 513.21
სახელმძღვანელოში განხილულია კომპიუტერული გრაფიკული პროგრამა Revit-ში მუშაობის ძირითადი პრინციპები, ინფორმაციული მოდელირების პროცესი და პროგრამული პროდუქტის ცალკეული ფუნქციური შესაძლებლობები.
სახელმძღვანელო დაეხმარება სტუდენტებს და ყველა დაინტერესებულ პირს შენობათა ინფორმაციული მოდელირებისა და Revit Architecture-ში მუშაობის პრინციპების შესწავლისას.
უაკ: 624.1
წიგნში მოცემულია ქანის მასივისა და მისი ნიმუშის თვისებები, მდგომარეობის განტოლებები და სიმტკიცის ძირითადი თეორიები: განხილულია ქანის მასივის პირველადი დაძაბული მდგომარეობები, მათი განსაზღვრის მეთოდები: აღწერილია მასივის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ძირითადი კანონზომიერებები განივკვეთის წრიული, ელიფსური და სხვა ფორმის გვირაბების ირგვლივ. გაშუქებულია სამთო, სატრანსპორტო და ჰიდროტექნიკური გვირაბების მუშაობის თავისებურებები, მიწისქვეშა ნაგებობების სამაგრი კონსტრუქციების, სიხისტის, მდგრადობის და სხვა საკითხები.
წიგნი განკუთვნილია მიწისქვეშა და საშახტო მშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის, მეცნიერი მუშაკებისა და ინჟინერებისათვის.